ახალი ამბები
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტირებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია
FaceBook
ქუთაისში,  „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია.
შესყიდვის (NAT260021584) სავარაუდო ღირებულება 95 000 ლარი იყო.

სატენდერო პირობების მიხედვით, ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ლითონის მზიდი კონსტრუქციების დეტალურ შესწავლასა და დაზიანებული ნაწილების აღდგენას ითვალისწინებდა. კერძოდ, ტექნიკური დავალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაზიანებული ფოლადის ელემენტების ამოჭრა/ ჩაკერება იყო.


პროექტი ასევე ითვალისწინებდა სავალი ნაწილის განახლებას, ლითონის ფურცლების დამჭერი მოქლონების შეცვლასა და არსებული შუშების მაღალი სიმტკიცის, სამშრიანი ბრონირებული ტრიპლექსით ჩანაცვლებას.

გარდა ამისა, დაგეგმილი იყო ქვის ბურჯებისა და მიმდებარე კედლების მცენარეებისგან გაწმენდა და ქვიშა-ჭავლური დამუშავება, არსებული ლამპიონების განახლება, თეთრი ქვების გასანათებლად სპეციალური წერტილოვანი სანათების პროექტირება და ხიდის ქვეშ გამავალი საინჟინრო ქსელების მოწესრიგება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტირების დაწყებამდე კომპანიას უნდა ჩაეტარებინა ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, ლითონის მზიდი კონსტრუქციების დეტალური დეფექტოსკოპია და მათი მზიდი უნარის ლაბორატორიული შემოწმება.

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. შპს „ვეგა+“-მა 91 000 ლარი, ხოლო შპს „არქ დიზაინ ჯგუფი 25“-მა 61 017 ლარი დააფიქსირა. მეორე კომპანია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიცირდა.

ქუთაისში ისტორიულ „თეთრ ხიდს“ რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივ ბიუჯეტს 435 997 ლარი დაუჯდა. თუმცა, საბოლოოდ, ხიდის არც ვიზუალმა და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხმა მოლოდინები გაამართლა. რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთი განმეორებადი პრობლემა მინის საფარის დაზიანება გახდა — შუშები პერიოდულად ზიანდებოდა და მათი შეკეთება თუ შეცვლა არაერთხელ გახდა საჭირო.

Print