ახალი ამბები
დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგიდან ამოიღეს
FaceBook
"2004 წლიდან კი არა, შეგიძლიათ 1998 წლიდან გასხვისებული ქონების გამორკვევა დაიწყოთ"


ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლებს, "ნაციონალების" მიერ გასხვისებული მიწებისა და კანონიერების შემსწავლელი ჯგუფის შექმნის იდეა აეჭვებთ.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების შეფასებით, დროებითი ჯგუფი, რომელმაც გასულ წლებში გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა დაადგინოს, ვერ იქნება ქმედითუნარიანი.

"2004 წლიდან კი არა, შეგიძლიათ 1998 წლიდან გასხვისებული ქონების გამორკვევა დაიწყოთ, მაგრამ ეს კომისია არაფრის მომტანი იქნება და ვერაფერს ვერ გააკეთებს რეალურად," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია უკლება.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელზეც სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს, ისედაც ცხადი და ხელმისაწვდომია საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებში.

სკეპტიკურად განწყობილია სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, საკრებულოს უმცირესობის წევრი დავით გოგისვანიძე.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის მუშაობა არანაირ ეფექტს არ მოიტანს.

"წინააღმდეგი არ ვარ სამუშაო ჯგუფის  შექმნის, თუმცა მეეჭვება ის ქმედითუნარიანი იყოს" - აცხადებს გოგისვანიძე.

"ნაციონალების" მიერ გასხვისებული მიწების კანონიერების შემსწავლელი ჯგუფის შექმნის ინიციატორი საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნატო ქათამაძეა.

დროებითმა სამუშაო ჯგუფმა 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით "ნაციონალური მოძრაობის" დროს გასხვისებული მიწებისა და შენობების კანონიერება უნდა დაადგინოს.

საკითხი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე  დღის წესრიგიდან ბოლო მომენტში ამოიღეს, რასაც დეპუტატ ნატო ქათამაძის კრიტიკა მოჰყვა.

Print