ჭიათურელი მაღაროელები საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ
აპირებენ.
ამის შესახებ მაღაროელთა პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ტარიელ
მიქაცაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული მაღაროელების ოჯახის
წევრებს ჭიათურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ესტუმრნენ და
ქუთაისის პროკურატურაში მისვლა შესთავაზეს. სამართალდამცველების
თქმით, მათთვის „კარგი შეთავაზება“ ჰქონდათ.
ტარიელ მიქაცაძის თქმით, ინფორმაცია თავად ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის
წევრმა მიაწოდა. მისი განმარტებით, ოჯახის წევრებმა პოლიციის
წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან
შეთავაზებაზე თანხმობის გაცემა არ შეეძლოთ, რადგან ეს თავად
პატიმრებისა და მათი ადვოკატების გადასაწყვეტი იყო.
„არანაირი კეთილგანწყობა და ნდობა ამ პოლიციის მიმართ ამ ოჯახებს არ
აქვთ. მხოლოდ გამწარება და გაუბედურებაა“, – ამბობს ტარიელ
მიქაცაძე.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 28 აპრილს ჭიათურაში, პროტესტის
მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი მაღაროელი გაასამართლეს. მათ შორისაა
მერაბ სარალიძე, რომელსაც გიორგი ნეფარიძესთან ერთად ჯგუფური
ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი.
სასამართლომ მას 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა, თუმცა დაცვის
მხარეს ის უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.
მერაბ სარალიძის ადვოკატის, მარიამ პატარიძის განმარტებით, განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლამდე საპროცესო შეთანხმების გაფორმების
სამართლებრივი საფუძველი არსებობს. მისი თქმით, პროკურატურას ოჯახის
პოზიციის გარკვევა სურდა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლების
მეშვეობით ოჯახის წევრებს პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზეს.
ადვოკატის განცხადებით, შეხვედრა არ შედგა, რადგან მერაბ სარალიძეს
საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ უნდოდა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა
თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი. დანარჩენი
სამი მსჯავრდებულის პოზიციის გასარკვევად კი მათი ოჯახის წევრების
ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების მიზნით,
უწყებამ დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
პროკურატურის ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს
განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს
საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და პროკურატურის წარმომადგენლებთან
შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ორგანიზებულ
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების
აღკვეთა მიესაჯათ.
მასალის გამოყენების პირობები