ახალი ამბები
133 100 ლარი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის – რა მოთხოვნები აქვს ქუთაისის მერიას?
FaceBook

ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისთვის 133 100 ლარის დახარჯვას გეგმავს.


აღნიშნული თანხით სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 2026 წლის 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები, 2027 წლის 7 იანვარს კი საშობაო მსვლელობა უნდა უზრუნველყოს.


სატენდერო პირობების თანახმად, 31 დეკემბერს ცენტრალურ მოედანზე დღის და გალა კონცერტები გაიმართება. დღის კონცერტისთვის ერთი წამყვანია გათვალისწინებული, რომლის ასაკიც 20-დან 50 წლამდე უნდა იყოს და მინიმუმ სამი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება უნდა ჰქონდეს.


გალა კონცერტისთვის კი მერია ერთი მამაკაცი და ერთი ქალი წამყვანის მომსახურებას ითხოვს. ორივე მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე უნდა იყოს, 20-დან 50 წლამდე ასაკის.  წამყვანების ტექსტი და ჩაცმულობა შემსყიდველთან  ანუ  ქუთაისის მერიასთნ უნდა შეთანხმდეს.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო თემატიკის შესაბამისად უნდა გაფორმდეს სცენაც. დეკორაციაში ლურჯი და თეთრი ფერების კომბინაცია, თოვლის ტალღოვანი კომპოზიციები და სხვადასხვა ზომის სამგანზომილებიანი ფიფქები იქნება გამოყენებული.


გარდა ამისა, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკონცერტო სცენის, გახმოვანებისა და განათების სისტემების მოწყობა, მსახიობების, დრამერების ჯგუფისა და სხვა გასართობი აქტივობების ორგანიზება.


საშობაო მსვლელობა კი 2027 წლის 7 იანვარს, 10:00-დან 13:00 საათამდე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი, არანაკლებ 30 შემსრულებლის შემადგენლობით.

 

Print