ახალი ამბები
მშობლების ინფორმაციით, ქუთაისში მაღაზია არასრულწლოვნებზე სიგარეტს სისტემატურად ჰყიდის
FaceBook
ქუთაისში, პუშკინის ქუჩა N2-ში მდებარე მაღაზიაში არასრულწლოვნებზე სიგარეტს სისტემატურად ჰყიდიან.
ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს“ მშობლებმა უთხრეს.

„ამ ადგილას ყველამ იცის, რომ ახალგაზრდები იკრიბებიან. პირველი და მესამე სკოლებიდან გამოსული ბავშვები აქ მოდიან, მაღაზიაში შედიან და სიგარეტით გამოდიან. ერთი მხრივ, არ მინდა, ჩემმა შვილებმა ეს დაინახონ, მეორე მხრივ კი, ეს ხომ დანაშაულია და ისეადც არ უნდა წამლავდეს მაღაზია ბავშვებს.  ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ქუთაისიპოსტი“ სავაჭრო ობიექტში მივიდა.

მაღაზიის გამყიდველმა არასრულწლოვნებისთვის სიგარეტის მიყიდვის ფაქტი უარყო.

„მერამდენე გვეკითხება ამას. მშობლებმა თვითონ მიხედონ თავიანთ შვილებს“, – გვითხრა გამყიდველმა.

ქუთაისიპოსტის" მაღაზიაში ყოფნის დროს სავაჭრო ობიექტში არასრულწლოვანი სიგარეტის საყიდლად შევიდა. გამყიდველმა მას სიგარეტის მიყიდვაზე უარი უთხრა, რაც მოზარდისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, მისი თქმით, სიგარეტს ყოველთვის ამ მაღაზიაში ყიდულობდა.

„ქუთაისიპოსტი“ მაღაზიის მფლობელსაც ესაუბრა. მანაც უარყო არასრულწლოვნებისთვის სიგარეტის მიყიდვის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ გამყიდველს გააფრთხილებდა.

კანონმდებლობით, არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა აკრძალულია
Print