ქუთაისში, ყოფილი „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიაზე დიდი რეკრეაციული
სივრცის მოწყობა იგეგმება.
პროექტის კონცეფცია არგონავტიკის თემატიკას დაეფუძნება.
როგორც ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა განაცხადა, ტერიტორიის
ამჟამინდელ მფლობელებთან მისი გამოსყიდვის საკითხზე მოლაპარაკებები
უკვე დაწყებულია.
მერის ინფორმაციით, ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
არეალშია მოქცეული. შესაბამისად, ადგილზე არსებული შენობა-ნაგებობების
დემონტაჟისა და გატანისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს თანხმობაც მიღებულია.
დავით ერემეიშვილის თქმით, ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით
წინასწარი კონსულტაციები ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც
გაიმართა.
"დავიწყეთ, ტაბიძის ქუჩაზე, ქუთაისში ე.წ. დინამოს სტადიონის
მეპატრონეებთან გამოსყიდვაზე საუბარი. ჩემი თაობა იქ სპორტით იყო
დაკავებული. ძალიან დიდი ტერიტორიაა. წინასწარი, ასე რომ ვთქვათ,
მოთელვა გავიარეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ბატონი რეზი სოხაძე
დაგვპირდა, რომ ერთ-ერთ დიდ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს და სივრცე
არგონავტიკის თემატიკით იქნება მოწყობილი“, - ამბობს ქუთაისის მერი
დავით ერემეიშვილი.
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადები და დეტალები
უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ყოფილი სტადიონის ტერიტორიას
ფეხბურთის მწვრთნელები სავარჯიშოდ იყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები