ქუთაისის №8 და №23 საბავშვო ბაღებში, სადაც ინფრასტრუქტურა
რეაბილიტაციას საჭიროებს, ბავშვები სააღმზრდელო პროცესს ჩვეულებრივ
რეჟიმში აგრძელებენ.
სატენდერო დოკუმენტაციაში გამოქვეყნებული ფოტომასალის მიხედვით, ორივე
ბაღის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
ფოტოებზე ჩანს დაზიანებული ხელსაბანები, კედლები და ფასადები, იატაკის
საფარის დაზიანება, ასევე ნესტისა და ჩამოცვენილი კედლის საფარის
კვალი.
სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვა ორივე საბავშვო ბაღისთვის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი
ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს.
ორივე შესყიდვის ჯამური სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარს
შეადგენს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის განცხადებით,
ორივე დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში
მიმდინარეობს.
„ტენდენციაა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველწლიურად მოხდეს ბაღების
რეაბილიტაცია. ორი დასრულდა, ორი მიმდინარეობს. ის
ბაღები, რომლებზეც პროექტირება ცხადდება, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს,
არაფერი არ ეშლებათ ბავშვებს ხელი. გეგმა ასეთია. ასეთ
ინფრასტრუქტურაში რომ არიან, სწორედ მიტომ ცხადდება რეაბილიტაცია“, –
ამბობს დავით წიტაიშვილი.
ამჟამად ქუთაისში ბაგა-ბაღების 38 ფილიალია.
მასალის გამოყენების პირობები