ახალი ამბები
რატომ გაჭიანურდა ქუთაისის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია — რას ამბობს მერი
FaceBook

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.


მისი თქმით, იმ პერიოდში რეაბილიტაცია ძირითადად ფასადურად ხორციელდებოდა, რის გამოც შენობის კედლები დაზიანებული და დაბზარული იყო.
ერემეიშვილის განმარტებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი პრობლემების გამო საჭირო გახდა ფუნდამენტის გამაგრება, ახალი კედლების ამოყვანა და დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

„ადრე რაც კეთდებოდა 2012 წლამდე, კეთდებოდა ფასადურად. ერთ თვეში შეიძლება დაემთავრებინიათ ოპერის თეატრი და მომდევნო წელში ისევ გასაკეთებელი იქნებოდა. ოპერის თეატრში, როგორც კი დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, კედლებზე აღმოჩნდა ისეთი ბზარები, რომლებიც გარედან გალესვით არ დაკავდებოდა. ამისათვის დაიწყეს ჯერ ფუნდამენტის გამაგრება და შემდეგ ახალი კედლების ამოყვანა. ათასნაირად მოხდა ოპერის კედლების შემოწმება.

გარეთა ხმაური ოპერის თეატრში შედიოდა ჩვეულებრივად. ამის გამო მოხდა უკვე ძირითად ფასადებზე გადასვლა, შიდა კელდების გაკეთებაც და ამის გამოც გაიწელა პროცესიც“, - განმარტა დავით ერემეიშვილმა.

მერმა აღნიშნული განცხადება საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, თეკლა მებურიშვილის კითხვის პასუხად გააკეთა. დეპუტატი დაინტერესდა, როდის დასრულდება ოპერის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ოპერის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის მაისის ბოლოს დაიწყო. გამოცემის 2023 წლის 9 ივნისის ცნობით, იმ დროისთვის სამუშაოები უკვე მეორე კვირა მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში თეატრის შენობის სრული განახლება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვაა გათვალისწინებული.

დავით ერემეიშვილს სამუშაოების დასრულების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ სამუშაოები მალე დასრულდება.

ოპერის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, პროექტი 2025  წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო.

პროექტი თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს.

რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2022 წელს მომზადდა, რისთვისაც კულტურის სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო.

აღნიშნული სამუშაო არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“ შეასრულა, ხოლო აკუსტიკის დიზაინისა და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტი ფინურმა კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ აწარმოებს.

პროექტის საერთო ღირებულება 21 მილიონ ლარს შეადგენს.

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობა ბოლოს 2010 წელს განახლდა.

Print