ახალი ამბები
„მთელ ქალაქს კამერებით ვერ აღვჭურვავთ“ - ქუთაისის მერი გახშირებულ ვანდალიზმზე
13:34 / 30.10.2026
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ამბობს, რომ
ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების გახშირების გამო მუნიციპალიტეტი
მთელ ქალაქს სათვალთვალო კამერებით ვერ აღჭურვავს.
ამის შესახებ მან ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
განაცხადა. ერემეიშვილმა კომენტარი ოპოზიციური პარტია „გირჩის“
წარმომადგენლის, თეკლა მებურიშვილის კითხვაზე გააკეთა. მებურიშვილი
დაინტერესდა, რა გეგმა აქვს მერიას ქალაქში ვანდალიზმის შემთხვევების
პრევენციისთვის.
„ჩვენ ვაკეთებთ და ვანდალიზმით ზიანდება. ამაზე
მერიამ რა უნდა გააკეთოს? აღვჭურვოთ მთელი ქუთაისი კამერებით,
გადავიდეთ დამსჯელ რაზმად თუ რა გავაკეთოთ? ყველა ინფრასტრუქტურულ
პროექტს აქვს თავისი საგარანტიო ვადა და თუ იმ ვადაში მოხდა
დაზიანება, ხელოვნური ჩარევის გარეშე, კომპანია ვალდებულია აღადგინოს.
რაც შეეხება სკვერებს და რეკრეაციულ სივრცეებს, გეთანხმებით მაგაში,
რომ მერია ვერ გაზრდის იმ ბავშვებს, ვინც ამას აკეთებს“, - განაცხადა
დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისში ვანდალიზმის ფაქტებზე „ქუთაისიპოსტს“
არაერთი მასალა აქვს მომზადებული. დაზიანებულია
ახლადრეაბილიტირებული სკვერები, საბავშვო ატრაქციონები და ქალაქის
სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.
მასალის გამოყენების პირობები