ახალი ამბები
14 მლნ ლარის ნარკოტიკი — 2 პირი დაკავებულია
FaceBook
იმერეთში ნარკოდანაშაულის ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია აღკვეთეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყვნენ ჩართული.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ. შემდეგ კი დაინტერესებულ პირებს შესაბამის კოორდინატებსა და ადგილების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“ ამოიღეს.

შსს-ის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.
Print