შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის,
რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი
დააკავეს. დაკავებულთაგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
უწყების ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალების
საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და პროცესი ფარულად, აუდიო-ვიდეო
ფორმით ჩაიწერა.
ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის,
ასევე მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად, პოლიციამ
ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მათ შორის იყო 2 კილოგრამზე მეტი
„მეთადონი“ და „მარიხუანა“.
პოლიციის ცნობით, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დასაფასოებლად საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული
საშუალებების რეალიზაციით მიღებული თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე
კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები