იმერეთში, სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, ერთ-ერთ სკოლაში
სასწავლო პროცესი შეწყდა.
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლის შენობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა
სწორედ სწავლის დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი.
"არის დასკვნა, სადაც წერია რომ შენობა
არარენტაბელურია. ამიტომ რემონტს ჯობია ახალი აშენდეს.
ხუთშაბათს (17 სექტემბერს) მიიღო დასკვნა
სამინისტრომ. რომელ წამშიც მიიღო სამინისტრომ
ინფორმაცია, მაშინვე იყო ინფორმაცია გადმოცემული
ჩვენთან.
რადგანაც ბავშვებს ეხება საქმე, ამიტომ თავის
დაზღვევა ორმაგად და სამმაგად მოხდა. ყველაზე მთავარი ბავშვების
უსაფრთხოებაა“, — ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში
რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა
ჩხეტიანის ინფორმაციით, მოსწავლეები 21 სექტემბრიდან ერთი
კვირის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ისწავლიან.
ამ პერიოდში ალტერნატიული ფართის მოძიება იგეგმება, რის შემდეგაც
გადაწყდება, სად გაგრძელდება სასწავლო პროცესი.
„ხვალიდან (21 სექტემბრიდან) არის ერთკვირიანი ონლაინ რეჟიმი. შემდეგ
ალტერნატიული ფართი იქნება მოძიებული და გადაწყდება, როგორ
გაგრძელდება სწავლა“, — ამბობს მამუკა ჩხეტიანი.
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლაში 800 მოსწავლე
სწავლობს.
მამუკა ჩხეტიანის განცხადებით, 21 სექტმბერს ის სკოლის
პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ უფრო კონკრეტული
გახდება, სად და რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები