თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა.
მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ
სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.
"დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ორმოცდარვა წლიან პედაგოგიურ
საქმიანობაში... იგი დაიწყო მოსწავლეთა ჩხარში გადასაყვან ცარიელ
ტრანსპორტთან და გაგრძელდა მასპინძელი სკოლის ცარიელ საკლასო
ოთახებში. ამაზე ცუდი სანახავი რა უნდა იყოს პედაგოგისათვის სასწავლო
წლის განახლების პირველივე დღეს?!
მოთმინება დალეულმა მშობლებმა თავიანთი სიტყვა შეასრულეს, შვილები
სკოლაში არ გამოუშვეს, მათ სრულიად სამართლიანად აირჩიეს პროტესტის
უკიდურესი ფორმა. ქედს ვიხრი მათი მათი პრინციპულობის წინაშე,
ვუცხადებ სრულ თანადგომას, ვუერთდები მათ პროტესტს და არ მივდივარ იქ,
სადაც არავინ მელოდება...", - წერს სოციალურ ქსელში
პედაგოგი.
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლებია გრძელდება.
სამუშაოების გამო სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე სწავლას დროებით ჩხარის
სკოლაში აგრძელებს. მათ გადაადგილებას ტრანსპორტი უზრუნველყოფს.
10 სექტემბერს სკოლაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელ
გიორგი
შონიასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც სკოლის დირექტორმა, რუსუდან
ბოგვერაძემ „ქუთაისიპოსტს“ უთხრა, შეხვედრაზე შონიამ სამუშაოების ორ
თვეში დასრულების პირობა დადო და განაცხადა, რომ სამუშაოები აქტიურ
ფაზაში უნდა გადავიდეს.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სწორედ ამ პირობის საფუძველზე
ელოდებიან, რომ მოსწავლეები საკუთარ სკოლაში დაბრუნებას შეძლებენ.
რეაბილიტაციის დასრულებამდე კი თერჯოლის №1 საჯარო სკოლის
მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ჩხარში ტრანსპორტით
გადაადგილება კვლავ უწევთ.
მშობლები სკოლაში შვილების დაბრუნებას და წლების განმავლობაში
გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები