ახალი ამბები
"სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა"
FaceBook
"ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა სიების გადახედვის პროცესი გაგრძელდება და დახმარებას ის მოქალაქეები მიიღებენ, რომლებსაც, მთავრობის შეფასებით, ამის რეალური საჭიროება აქვთ.

ამის შესახებ კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური შემწეობის განაწილებისთვის არსებული კრიტერიუმები მკაფიოა და პროცესის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელია.

„2020 წელს განახლდა სიები, გაფართოვდა შემწეობის მიმღებთა სია. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ იყო კოვიდი და კოვიდმა გამოიწვია სოციალური ფონის დამძიმება და 2020 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული ერთგვარი მორატორიუმი, მათ შორის, ხან საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების გაღიზიანებას ერიდებოდნენ და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს.

ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. იმდენად მკაფიო კრიტერიუმი არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს. ჩვენ მივიღეთ თამამი, გაბედული გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამ სიების გადახედვა, რაც არის მტკივნეული პროცესი. შეიძლება ვიღაც, რაღაც ეტაპზე ერიდებოდა ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო.

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა“, - განაცხადა პრემიერმა.
Print