ახალი ამბები
თერჯოლის №1 სკოლის მშობლებს სამუშაოების ორ თვეში დასრულებას დაჰპირდნენ
FaceBook

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.


თერჯოლის №1 საჯარო სკოლაში გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების დასრულებას ითხოვენ მშობლები.


საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მშობლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, სამუშაოების დამკვეთი — მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


მშობლების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდნენ, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის შეძლებენ მოსწავლეები სწავლას საკუთარ სკოლაში.


„ის, რაც ადგილზე ხდება, წარმოუდგენელი ამბავია. ასეთ სურათს, მგონი, ხელმძღვანელობაც არ ელოდა. არც ეზოა მოწესრიგებული, არც ზედა და ქვედა სართულები. წარმოუდგენელია, ეს სამუშაოები პირველ სემესტრში მოესწროს“, — ამბობს ერთ-ერთი მშობელი.


მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბავშვების ჩხარში, სადაც ისინი ყოველდღიურად დაახლოებით 12-კილომეტრიან გზას გადიან, კიდევ ერთი სასწავლო წლით გადაყვანას აღარ ეთანხმებიან.


„ჩვენი მოთხოვნაა, სანამ ეს სკოლა არ იქნება, მანამდე არ წავიდეთ სხვა სკოლაში. არ გავაგრძელოთ. ყველაფერს ხომ აქვს დასაწყისი და დასასრული, ზღვარი აქვს ყველაფერს“, — ამბობენ მშობლები.


სკოლის დირექტორის, ელისო მურადაშვილის თქმით, ის და პედაგოგები მზად არიან, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს კვლავ ჩხარში შეხვდნენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მეორე სემესტრიდან საკუთარ სკოლაში დაბრუნდებიან.


„მშობლები რას იზამენ, არ ვიცი. ჩვენი მზაობა არის, რომ პედაგოგებს ალტერნატიულ ფართში დავხვდეთ. ჩვენ პირობა მივიღეთ გიორგი შონიასგან, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელია, რომ სამუშაოები ორ თვეში დასრულდება და ის სამუშაოების მიმდინარეობას ყოველდღიურად, პირადად გააკონტროლებს“, — ამბობს ელისო მურადაშვილი.

თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სოფელ ჩხარის საჯარო სკოლაში სწავლა 2021 წლიდან უწევთ.


მუნიციპალური განვითარების ფონდის დოკუმენტის მიხედვით, სკოლის შენობის კონსტრუქციული მდგრადობა 2021 წლის ნოემბერში შეისწავლეს, ხოლო რეაბილიტაციის პროექტმა ექსპერტიზა 2023 წლის მაისში გაიარა.


სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები 2024 წლის მაისში დაიწყო. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამუშაოები 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა განსაზღვრულ ვადაში ვერ დასრულდა.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.


„ქუთაისიპოსტმა“ საკითხთან დაკავშირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ განათლების საკითხები მათი კომპეტენცია არ არის და საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განათლების სამინისტროს უნდა მივმართოთ.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ურბან ბილდერსი“ ასრულებს. კომპანიაში „ქუთაისიპოსტს“ განუცხადეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება არ აქვთ.



ამავე თემაზე:



 

Print