საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
გამოძიების ინფორმაციით, „ახალის“ სამტრედიის
ორგანიზაციის ოფისის გახსნისას სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა ნიკანორ
მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საპასუხოდ კი მელიას თანმხლებმა
პირებმა, გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ, ნიკოლეიშვილზე
იძალადეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,
რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის
რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა
თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა
განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას
თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ
საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის
შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი
ხარისხის დაზიანება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სამივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის
პირველი ნაწილით წარედგინა, რაც წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების
დროს ძალადობას გულისხმობს და ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების
მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები