„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.
ადგილობრივებმა დახმარებისთვის „ქუთაისიპოსტს“
მიმართეს. მათი თქმით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პასუხი ვერ
მიიღეს კითხვაზე, რა ბედი ელის მათ უბანში მდებარე საბავშვო ბაღს და
როდის განახლდება სამუშაოები.
დღესაც შენობაში მიმოფანტულია სამუშაო ჩაფხუტები, ხელთათმანები და
სამშენებლო მასალები, რაც ცხადყოფს, რომ სამშენებლო პროცესი დიდი ხნის
წინ შეჩერდა.

„სამუშაოები როცა დაიწყო, მაშინაც დღეგამოშვებით მოდიოდნენ. თავიდანვე
ეტყობოდათ, რომ საქმეს ზერელედ ეკიდებოდნენ. არადა ძალიან გვიხაროდა
ბაღის რეაბილიტაცია, რადგან ამ უბანში თითქმის ყველას პატარა ბავშვები
გვყავს. დღემდე პასუხი არ მიგვიღია, რას აპირებენ და როდის განახლდება
სამუშაოები,“ — ამბობს კოღუაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
დასაქმებულებს ხელფასებს არ უხდიდა.
მოსახლეობის ნაწილი ასევე ამბობს, რომ თითქოს შენობით გარკვეული
ჯგუფები სასტუმროს მოწყობის მიზნით არიან დაინტერესებულნი.
„ეს მხოლოდ ჭორის დონეზე ვიცით, ოფიციალურად არავინ არაფერს გვეუბნება. მაინც ვიმსახურებთ, ვიცოდეთ, რას უპირებენ ჩვენი უბნის საბავშვო ბაღის შენობას,“ — აცხადებენ ადგილობრივები.
კოღუაშვილის ქუჩაზე მდებარე №26 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო
სამუშაოების დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. ობიექტზე
განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, სამუშაოებს
Construction Company ასრულებდა.

კოღუაშვილის ქუჩის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი ქუთაისის
საკრებულოში ამირან კოპალეიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ
სამუშაოები არაკეთილსინდისიერად შეასრულა, რის გამოც მუნიციპალური
განვითარების ფონდმა მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
„ახლა მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების შეფასება, რათა
დადგინდეს, რა მოცულობის სამუშაოებია რეალურად შესრულებული და
შესაბამისი თანხა გამოაკლდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულებას. ამის
შემდეგ დარჩენილ სამუშაოებზე ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს. როგორც
ვიცი, კომპანია სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად ასრულებდა. გეგმაშია,
რომ ახალი ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდეს,“ — განუცხადა
„ქუთაისიპოსტს“ ამირან კოპალეიშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივებში გავრცელებულ ინფორმაციას შენობის შესაძლო
გასხვისების შესახებ, კოპალეიშვილის თქმით, ეს გამორიცხულია და
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შენობაში მხოლოდ საბავშვო ბაღი
განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები