ახალი ამბები
აშენებული, მაგრამ დაკეტილი — ქუთაისში საბავშვო ბაღი წლებია ვერ იხსნება
FaceBook

ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.


ამ დროის განმავლობაში მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა გამოუყენებლად დგას და ნადგურდება.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ამბობს, მხოლოდ „ყურმოკვრით“ იცის, რომ ობიექტში გარკვეული ხარვეზი გამოვლინდა. მისი თქმით, ობიექტი ბაგა-ბაღების გაერთიანებისთვის ოფიციალურად ჯერ არ გადაუციათ.

„ეს ახალი აშენებული ბაღია, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და ქალაქისთვის ჯერ არ გადმოუციათ.  ჯერ მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადასცეს ობიექტი მუნიციპალიტეტს, შემდეგ კი მუნიციპალიტეტი გადმოგვცემს ჩვენ. შესაბამისად, რა ხდება ამ ბაღში, დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რატომ ვერ მოხდა მისი გადმოცემა, ამას ვერ გეტყვით. როგორც ყურმოკვრით ვიცი, ფონდმა შემსრულებელ კომპანიას გარკვეული ხარვეზები აღმოუჩინა“, — ამბობს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.


ახალაშენებული საბავშვო ბაღი ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს. ამ უბანში ახალი ბაღის აშენება  საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყდა.


„ჩემს სახლთან ძალიან ახლოს შენდებოდა ეს ბაღი და მიხაროდა, რომ ბავშვებს ახლოს მივიყვანდით, მაგრამ წლები გადის, ბაღი არ იხსნება, ბავშვები კი უკვე გაიზარდნენ“, — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.


ორსართულიან შენობასთან ერთად ნადგურდება საბავშვო მოედანი და ეზოს ინფრასტრუქტურაც. ტერიტორია ბალახითაა დაფარული, შენობის ფანჯრების ნაწილი კი უკვე ჩამსხვრეულია.




„ყურმოკვრით“ გაგებული ხარვეზი, რომელზეც დავით წიტაიშვილი საუბრობს, „ქუთაისიპოსტის“ ინფორმაციით, საკანალიზაციო ქსელს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, ობიექტზე საკანალიზაციო სისტემა სრულყოფილად არ მოეწყო, რის გამოც ორსართულიან შენობაში ნესტია. არსებული მდგომარეობის გამო, შენობაში ბავშვების მიღება შეუძლებელია.


რაც შეეხება ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას, მერიაში აცხადებენ, რომ ობიექტი მათთვის ჯერ არ გადაუციათ. შესაბამისად, მათ განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით პასუხების გაცემა არ შეუძლიათ.


„ქუთაისიპოსტი“ თემაზე მუშაობას აგრძელებს. რას გეგმავს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნულ საბავშვო ბაღთან დაკავშირებით და როდის დასრულდება ობიექტის გადაცემის პროცესი — ამ კითხვებით „ქუთაისიპოსტი“ ფონდს წერილობით მიმართავს.


ამჟამად ქუთაისში ბაგა-ბაღების 38 ფილიალია. აქედან 33 ფუნქციონირებს, დანარჩენი კი მოწყობისა და გახსნის ეტაპზეა. დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში ამ დროისთვის 6 700 აღსაზრდელია.

Print