დღეს, ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად იხსნება.
გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის 515 008-ლარიანი შესყიდვა
განხორციელდა.
ჰაბი პარლამენტის ყოფილი შენობის სივრცეში განთავსდა, რომლის
რეაბილიტაციასა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე სახელმწიფო
ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა.
გახსნის ღონისძიების ორგანიზებისთვის სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე
515 008 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ტექნიკური
დავალებისა და ფასების ცხრილის მიხედვით, ბიუჯეტი სხვადასხვა
საორგანიზაციო, ტექნიკურ და შემოქმედებით კომპონენტზე ნაწილდება.
დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 200
დრონისგან შემდგარი შოუ, რომელიც 10–15 წუთს გაგრძელდება და 8–10
სხვადასხვა ვიზუალს გამოსახავს. მომსახურება მოიცავს კონტენტის
შექმნას, სატესტო ფრენას, ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფასა და
ლოგისტიკას, რისთვისაც 100 000 ლარია გათვალისწინებული.
შესყიდვა ასევე, ითვალისწინებს ვიდეოგადაღებასა და ვიდეოწარმოებას,
მათ შორის სცენარის მომზადებას, გადაღებასა და პოსტპროდაქშენს, რომლის
ღირებულება 90 000 ლარია.
ტექნიკური დავალება მოიცავს ოფიციალური ნაწილისთვის სცენის მოწყობას,
LED ეკრანების, გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟს, ასევე
ღონისძიების ტექნიკურ უზრუნველყოფას.
სტუმრების გამასპინძლებისთვის გათვალისწინებულია 400 ადამიანზე
გათვლილი ფურშეტი, 400 ბოთლი შამპანური, შესაბამისი ინვენტარი და
მომსახურება, რაზეც 45 000 ლარია გამოყოფილი.
შესყიდვა ასევე მოიცავს ღონისძიების ორგანიზაციულ და ლოგისტიკურ
მომსახურებას, მათ შორის ტექნიკური პერსონალის, დიზაინის,
ტრანსპორტირების, პროექტის მართვისა და სხვა აუცილებელი სამუშაოების
უზრუნველყოფას.
მასალის გამოყენების პირობები