ახალი ამბები
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართება
FaceBook
დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჭიათურელი მაღაროელების საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს.

მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა 5 მაისს დაიწყო. პირველ სხდომაზე მხარეთა ადვოკატებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტ მარიამ პატარიძის განცხადებით, დაცვის მხარე ოთხივე მსჯავრდებულის სრულ გამართლებას ითხოვს და იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.


საქმე 2025 წლის 29 აპრილს ჭიათურაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რის შემდეგაც ოთხი მაღაროელი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ სარალიძე და გიორგი ნეფარიძე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს – 4 წლითა და 3 თვით.


პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ ძალადობას, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის ავტომობილს და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.


დაცვის მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა არც გზის განზრახ გადაკეტვა და არც რომელიმე ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ორგანიზება. ადვოკატების შეფასებით, გამამტყუნებელი განაჩენი არ ეყრდნობა საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს და ვერ აკმაყოფილებს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

ამ დროისთვის ჭიათურაში პროტესტი კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები კარვებში რჩებიან და დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას, ასევე შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში საპროტესტო მოძრაობა თავდაპირველად „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მის კონტრაქტორ კომპანიებში შრომითი პირობების გაუარესების, ხელფასების დაგვიანებისა და შემცირების, ასევე თანამშრომელთა გათავისუფლების გამო დაიწყო. მოგვიანებით, მაღაროელების დაკავების შემდეგ, პროტესტის მთავარი მოთხოვნა მათი გათავისუფლებაც გახდა.

ჭიათურელი მშრომელების პროტესტი ქრონოლოგია ნახეთ ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვრცელი მასალაში.

Print