ახალი ამბები
ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზარში ხანძრის შედეგად სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
FaceBook

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.



შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ცეცხლმა მათ კუთვნილი პროდუქცია და ინვენტარი სრულად გაანადგურა.

ხანძრის შემდეგ დაზარალებულები ბაზრის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ისინი დამწვარი კონსტრუქციებისა და ნარჩენების გატანას ცდილობენ, პარალელურად კი ზარალს ითვლიან.

მოვაჭრეების განცხადებით, ბევრისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო და მიყენებული ზიანი ათიათასობით ლარს აღწევს.




დაზარალებულების ინფორმაციით, ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა და ძალიან სწრაფად გავრცელდა, რის გამოც საქონლის გადარჩენა ვერ შეძლეს. მათი თქმით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა ცეცხლმა რამდენიმე ჯიხური მთლიანად გაანადგურა.


მოვაჭრეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის მთავარი გამოწვევა საქმიანობის აღდგენა და ზარალის შეფასებაა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ჭავჭავაძის ბაზარი ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სავაჭრო სივრცეა, სადაც ყოველდღიურად ათობით მოვაჭრე საქმიანობს. მომხდარმა შემთხვევამ ბაზრის ნაწილში სავაჭრო პროცესი დროებით შეაფერხა, ხოლო დაზარალებულ მოვაჭრეებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიადგათ.

Print