პოლიტიკა
„სოციალური დემოკრატიისთვის“ ქუთაისში მოქალაქეებს შეხვდა – მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებისთვის ემზადება
FaceBook

ქუთაისში მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ მოქალაქეებს შეხვდა და ღია კარის დღის ფარგლებში საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.


მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მიზანია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც აქტიურ წევრებსა და მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობაზე იქნება დაფუძნებული.


„ჩვენი მიზანია ისეთი პარტიის შექმნა, რომელიც იდგება აქტიურ წევრებზე, რომელიც შეიქმნება არა უბრალოდ ფურცელზე, არამედ იქნება სახალხო პარტია, სადაც ხალხი ჩაერთვება და საკუთარ თავს დაინახავს“, – განაცხადეს მოძრაობის წარმომადგენლებმა.


შეხვედრის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მოძრაობის საქმიანობას, დაესვათ კითხვები და ესაუბრათ იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის ყველაზე აქტუალურია.


მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ 2025 წლის თებერვალში დაფუძნდა და საკუთარ თავს მემარცხენე, პროევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებად წარმოაჩენს. ორგანიზაციის განცხადებით, მისი ძირითადი პრიორიტეტებია სოციალური სამართლიანობის გაძლიერება, შრომითი უფლებების დაცვა, ხარისხიანი განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.


მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. მათი თქმით, რეგიონული ტურნეს მიზანია მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია, მათი საჭიროებებისა და ხედვების გაცნობა, მხარდამჭერთა ქსელის გაფართოება და იმ პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების აქტიურ ჩართულობაზე იქნება დაფუძნებული.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეგიონებში მიმდინარე შეხვედრების დასრულების შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებისთვის შესაბამის პროცედურებს დაიწყებენ.

Print