ახალი ამბები
„კუდით ქვა ვასროლიეთ“ – შუქრუთში ტრაქტორის გამოჩენას მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა
FaceBook

„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,


– ამბობს „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ჭიათურის სოფელ შუქრუთის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

მისი თქმით, ადგილობრივებმა ტექნიკის გამოჩენის შესახებ ერთმანეთს სწრაფად შეატყობინეს, შეიკრიბნენ და სამუშაოების დაწყება შეაჩერეს.


„როგორც კი ერთმა ტრაქტორი დაინახა, მაშინვე სხვებს შეატყობინა, ერთმა – მეორეს, მეორემ – მესამეს და ასე ყველანი შევიკრიბეთ. ფაქტობრივად, კუდით ქვა ვასროლიეთ“, – ამბობს რესპონდენტი.


მისივე განმარტებით, კომპანია ტყის ტერიტორიაზე, შუქრუთის ახალი დასახლების მიმდებარედ, მოსახლეობიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას გეგმავდა. ადგილობრივების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია უშუალოდ დასახლებაში არ მდებარეობს, სამუშაოები მათ საცხოვრებელ გარემოზე გავლენას მაინც მოახდენდა.


შუქრუთში ახალი საბადოს ამოქმედების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ფეისბუკგვერდმა „ჭიათურა“ გაავრცელა.

გვერდის ცნობით, 2026 წელს გაცემული ნებართვის საფუძველზე კომპანია მანგანუმის ფართომასშტაბიანი მოპოვების დაწყებას გეგმავს, რასაც სოფლის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.


სოფელი შუქრუთი წლების განმავლობაში მანგანუმის მოპოვებით გამოწვეული პრობლემების ეპიცენტრშია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწისქვეშა სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გაჩნდა ბზარები, ჩაიწია მიწა და საფრთხე შეექმნა როგორც საცხოვრებელ სახლებს, ისე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს.

Print