2018 წელს, ქუთაისის მაშინდელმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ
რიონისპირა ისტორიული სახლების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი
დააანონსა.
მაშინ საზოგადოებას დაჰპირდა , რომ რეაბილიტაცია ქალაქის
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ სივრცეს სრულიად ახალ იერს
შესძენდა.
,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს
რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ
ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე, აღნიშნული ადგილი კიდევ
უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – ამბობდა
2018 წელს გიორგი ჭიღვარია.
დღეს გიორგი ჭიღვარია უკვე ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარეა.
დაპირებიდან 8 წელი გავიდა, ხოლო პროექტი არც კი
დაწყებულა.
სწორედ ამიტომ, „ქუთაისიპოსტმა“ მას ოფიციალური კითხვებით მიმართა და
სთხოვა განემარტა, რატომ ვერ შესრულდა 2018 წელს გაცემული დაპირება
და რა პასუხისმგებლობას გრძნობს იმ მოლოდინის გამო, რომელიც
მაშინ ქუთაისელებს შეუქმნა.
ასევე დავინტერესდით, რა ნაბიჯებს დგამს დღეს, უკვე საკრებულოს
თავმჯდომარის რანგში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის
რეაბილიტაციის დასაწყებად, არსებობს თუ არა კონკრეტული ვადა,
როდის დაიწყება პროექტი და რატომ უნდა ენდოს საზოგადოება ახალ
დაპირებებს, როდესაც რვა წლის წინ გაკეთებული განცხადება დღემდე
შეუსრულებელია.
თუმცა , 8 დღის წინ გაგზავნილ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ
მიგვღია.
„ქუთაისიპოსტი“ მზად არის, გიორგი ჭიღვარიას პოზიცია ნებისმიერი
ფორმითა და ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს, თუ ის აღნიშნულ საკითხებზე
კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს.
მასალის გამოყენების პირობები