ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მარათონი გაიმართება
FaceBook
2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღეა

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2 აპრილს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, ორგანიზაცია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის"  მარათონს გამართავს. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ აუტიზმის მქონე 30-მდე ბავშვი, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მხარდამჭერები.

მარათონის მონაწილეები ლურჯი ფერის მაისურებითა და ამავე ფერის აქსესუარებით იქნებიან წარმოდგენილები.

მარათონის ბოლოს მოზარდები ქვიშას სიმბოლურად ლურჯად შეღებავენ.

იმერეთის რეგიონში აუტიზმით დაავადებულთა მხარდაჭერის ფინანსური პროგრამა არ არსებობს. მარათონის ორგანიზატორი და "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" დირექტორი ლიკა მხატვარი ამბობს, რომ გასულ წელს ქუთაისის მერიამ ამ მიმართულებით ფინანასები არ გაითვალისწინა.

"გასულ წელს შევიტანეთ პროექტი, მაგრამ არ დაფინანსდა. წელს ვეცდებით მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ ადგილობრივ თვითმმართველობას აუტიზმის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ. იქნებ, 2017 წლის ბიუჯეტში მაინც მოხდეს შესაბამისი თანხის მობილიზება",-ამბობს ლიკა მხატვარი.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მარათონი 12 საათიდან დაიწყება.

Print