ქუთაისში, მერიის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ
საპროტესტო პერფორმანსი დააანონსა.
„საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ირანის დიქტატორის დაკრძალვაზე. მან
დახოცა უამრავი უდანაშაულო ადამიანი. იქ იკრიბებიან ავტორიტარული
ძალები და გული მწყდება, რომ იქ საქართველოს წარმომადგენელიც იქნება“,
— ამბობს ქუთაისელი აქტივისტი აკაკი საღინაძე.
მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ირანში დაგეგმილი ვიზიტი
და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრება
მიუღებელია, რადგან, მისი თქმით, ირანის ხელისუფლება პასუხისმგებელია
ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე და ღონისძიებას ავტორიტარული
რეჟიმების წარმომადგენლები ესწრებიან.
საღინაძის თქმით, ის მერიის შენობასთან Facebook-ის პირდაპირ ეთერში
წაიკითხავს ირანის ხელისუფლების მიერ მოკლული ათასობით ადამიანის
სახელებსა და გვარებს, რითაც რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებს
პატივს.
აქტივისტის განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საპროტესტო
აქციას, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის,
ირანში ვიზიტს ეხმაურება.
მასალის გამოყენების პირობები