ახალი ამბები
ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებები და დალუქული ობიექტები
FaceBook

ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო ობიექტები დალუქეს.


 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სულ 14 პირი დააკავეს, ხოლო 9 ობიექტი დალუქეს.

გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, მათ შორის ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები, ქუთაისსა და თბილისში არსებულ ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ პროსტიტუციისთვის. ამასთან, ისინი პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ და მიღებული შემოსავლის ნაწილსაც თავად იღებდნენ.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დადასტურდა.

გამოძიების ინფორმაციით, დალუქული ობიექტების ძირითადი შემოსავალი სწორედ პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხა იყო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print