ახალი ამბები
ბაღდათში ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
FaceBook

საქართველოს პროკურატურამ ბაღდათში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალი მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების ფაქტზე წარუდგინა.


 

გამოძიების ინფორმაციით, შპს „სანდოს“ დირექტორმა დაზიანებული საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისას არ გაითვალისწინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგები და 2024 წლის ივნისში შეადგინა პროექტი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებასა და გეოლოგიურ დასკვნას არ შეესაბამებოდა.

აღნიშნულ პროექტს დადებითი შეფასება მისცა შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის“ ინსპექტორმა, რის შემდეგაც დოკუმენტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა.


პროკურატურის ცნობით, პროექტი არ ითვალისწინებდა მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობის მოწყობას, რის გამოც სამუშაოები შეუსაბამო პირობებში განხორციელდა. შედეგად, არამიზნობრივად დაიხარჯა 756 198 ლარი, მუნიციპალიტეტს მიადგა მძიმე ზიანი და შეიქმნა საცხოვრებელი კორპუსების მეწყრულ პროცესებში ჩათრევის საფრთხე.


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ შპს „სანდოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ოჯახის წევრი მოწმის სახით გამოსაკითხ პირზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა მას გამოძიებისთვის გეოლოგიურ დასკვნასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა.


დაკავებულებს ბრალი გულგრილობის ფაქტზე წარედგინებათ, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს კი ბრალი გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების მუხლით წარედგინა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Print