ახალი ამბები
მშრომელების საქმე — მაღაროელების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
FaceBook
დღეს,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მაღაროელების სააპელაციო საქმის განხილვა გრძელდება. საქმეს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი განიხილავს.
"ეს ბიჭები დამნაშავეები რომ იყვნენ, თავადაც მობეზრდებოდათ ზედმეტი ბრძოლა და, პირიქით, აღიარებითი ჩვენებითა თუ საპროცესო შეთანხმებით შეეცდებოდნენ, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივად დაეღწიათ თავი ამ მდგომარეობისთვის.

თუმცა, ისინი ობიექტურადაც და სუბიექტურადაც მართლები არიან. შეუძლებელია, მართალი ადამიანი გისოსებში გამოკეტო და ის ბედს შეეგუოს. არამც და არამც! ეს ბიჭები ბრძოლის, თავისუფლების, მეგობრობისა და სხვებზე ზრუნვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები არიან. მათ კისერზე დღეს 2200 მაღაროელის ბედი დგას, თუმცა თავად მაღაროელებმა ეს დაივიწყეს.

მაგრამ ამას არ ვივიწყებთ ჩვენ! ", -  ნათქვამია  მშრომელების მიერ განცხადებაში. 

სასამართლო პროცესი ეხება ჭიათურელი მაღაროელების საქმეს, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულები. 2026 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პირველი სხდომა 5 მაისს გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. დაცვის მხარე კვლავ მოითხოვს ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობას და აცხადებს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები ბრალდებას არ ადასტურებს.


საქმე ეხება 2025 წლის 29 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ჭიათურელი მაღაროელები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე თამარ მაზანაშვილის გადაწყვეტილებით ისინი დამნაშავედ ცნო. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს — 4 წლითა და 3 თვით.


პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა, მათ შორის მერაბ სარალიძემ, თითქოსდა დააორგანიზეს ჯგუფური ძალადობა, გადაუკეტეს გზა შუქრუთის მაღაროს დირექტორის მანქანას და მოგვიანებით მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.


დაცვის მხარე კი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება. მათი თქმით, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ გზა განზრახ იყო გადაკეტილი — ისინი აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა ბუნებრივმა პირობებმა და მანქანების სიმრავლემ გამოიწვია.

ასევე დაცვის მხარის განმარტებით, მერაბ სარალიძეს არც გზის ჩახერგვაში და არც ინციდენტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი თქმით, დაზარალებულსაც თავდაპირველად არ დაუფიქსირებია, ვინ ახორციელებდა ძალადობას მის მიმართ.


საქმის განმხილველი მხარეები მიიჩნევენ, რომ განაჩენი არ ეყრდნობა საკმარის და უტყუარ მტკიცებულებებს და საქმე არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

ჭიათურაში პროტესტი კვლავ გრძელდება — ადგილზე პროტესტის მონაწილეები კარავში რჩებიან. 

ჭიათურის მაღაროელების პროტესტი დაიწყო მაშინ, როცა „ჯორჯიან მანგანეზში“ (და მის კონტრაქტორ კომპანიებში) სამუშაო პირობების გაუარესება, ხელფასების დაგვიანება/შემცირება და რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება გააპროტესტეს.

შემდგომში სიტუაცია გამწვავდა ასე:

  • მუშებმა დაიწყეს გაფიცვა და აქციები უკეთესი სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით;
  • პროცესში რამდენიმე მაღაროელი დააკავეს;
  • სწორედ ამ დაკავებებმა გააღრმავა კონფლიქტი და პროტესტი გადაიზარდა უფრო ფართო მოძრაობაში, რომელიც უკვე მოიცავს მოთხოვნას დაკავებულების გათავისუფლებაზეც;
  • ამის გაგრძელებაა ის აქცია, რაც პერიოდულად თბილისში, პროკურატურასთან იგეგმება.


პროტესტი დაიწყო შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გამო, ხოლო შემდეგ გადაიზარდა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნაშიც


ჭიათურელი მშრომელების პროტესტი ქრონოლოგია ნახეთ ნახეთ ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვრცელი მასალაში.


ამავე თემაზე:

მშრომელების კარავი - ბრძოლა, რომელიც არ დასრულებულა


 

Print