ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში კვლავ მძიმე გამოწვევების წინაშეა
FaceBook
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები შეაფასა.

ორგანიზაციის განცხადებით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლიდან 12 წლის შემდეგაც სახელმწიფოს სრულად არ დაუნერგავს ის ძირითადი პრინციპები, რომლებზეც კონვენციაა დაფუძნებული. ცენტრის შეფასებით, შშმ პირთა შეფასებისა და მათ მიმართ პოლიტიკის განხორციელება კვლავ დიაგნოზებზეა დაფუძნებული, რაც ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას აფერხებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ყურადღებას ამახვილებს სოციალური დაცვის საკითხებზეც და აღნიშნავს, რომ შშმ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ სოციალურ პაკეტს იღებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირები და შშმ ბავშვები თვეში 470 ლარს იღებენ, მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე პირები – 250 ლარს, ხოლო ზომიერად გამოხატული სტატუსის მქონე პირები – 210 ლარს.

განცხადებაში საუბარია შშმ პირთა დასაქმების, მათ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო სერვისებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი მექანიზმების სიმწირეზეც. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პერსონალური ასისტენტის სერვისზე და აცხადებს, რომ მისი დანერგვა დაგეგმილ ვადებში არ განხორციელდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გართულდა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა. ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებებმა მათი ფუნქციონირება და დაფინანსების მიღების შესაძლებლობები შეზღუდა.

განცხადების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ეხება. ცენტრი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არსებული პოლიტიკა არაეფექტიანია და ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შშმ პირებისთვის ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების პირობების შექმნა, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები, მათი შეფასებით, ბოლო პერიოდში პოლიტიკური და სამართლებრივი ზეწოლის დამატებით ინსტრუმენტად იქცა.

Print