ახალი ამბები
პლაგიატის პრობლემა ქართულ აკადემიურ სივრცეში - სემინარი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
"სტუდენტებს ბევრად უფრო მეტად აწუხებთ ეს საკითხი, ვიდრე პროფესორებს"

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის "ერასმუს +" მიერ ტრენინგ-სემინარი მოეწყო, რომლის მიზანიც ქართულ აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემის შესწავლა, მასთან ბრძოლა და პრევენციის შემუშავება გახლდათ.

"ერასმუს +" -ის კოორდინატორი, ლიკა ღლონტი საუბრობს, რომ კვლევის შედეგად, რომელიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებში ჩატარდა, პლაგიატის პრობლემისადმი კრიტიკული დამოკიდებულება არ გამოიკვეთა.

"პლაგიატი არის ყველგან, მაგრამ როცა განვითარებულ ქვეყნებში პლაგიატის შემთხვევებს სკანდალი და თანამდებობის დატოვება მოჰყვება ხოლმე, საქართველოში ამ დროს მიდგომა რბილია და ინტერესი არ არის" - აცხადებს ლიკა ღლონტი.

"ერასმუს +" -ის კოორდინატორი ამბობს, რომ მათი ამოცანა აკადემიური კულტურის შეცვლაზე მუშაობის დაწყებაა.

"პირველ რიგში, მიგვაჩნია რომ ჩვენი მთავარი მოკავშირეები ამ ბრძოლაში სტუდენტები იქნებიან, რადგან კვლევის შედეგების მიხედვით სტუდენტებს ბევრად უფრო მეტად აწუხებთ ეს საკითხი, ვიდრე პროფესორებს" - ამბობს ლიკა ღლონტი.

"ერასმუს +"-ის კოორდინატორი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პლაგიატის პრობლემას შეეხო და განმარტა, რომ თსუ-ში პლაგიატის თემა აქტუალური აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების დროს ხდება.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" და თანადაფინანსებულია პროგრამის "ერასმუს +" მიერ.

Print