ახალი ამბები
სკოლებში მობილური ტელეფონები იკრძალება – მოსწავლეებს მოწყობილობების სპეციალურ სათავსებში ჩაბარება მოუწევთ
FaceBook
განათლების სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონებისა და „ჭკვიანი“ საათების გამოყენება ფაქტობრივად აიკრძალება.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოსწავლეებს ტელეფონების, სმარტფონებისა და „ჭკვიანი“ საათების ჩართულ მდგომარეობაში ქონა და გამოყენება სასწავლო პროცესის დროს აღარ შეეძლებათ, თუ ამისთვის წინასწარი ნებართვა არ ექნებათ მიღებული.

სკოლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 სექტემბრამდე შეიძინონ და დაამონტაჟონ სპეციალური სათავსები, სადაც მოსწავლეები მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს განათავსებენ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ჯანმრთელობის მონიტორინგის საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის და სხვა შემთხვევებში, რომლებიც კანონით ან სკოლის შინაგანაწესით იქნება განსაზღვრული.

ახალი წესით, მოსწავლეებისა და მშობლების კომუნიკაცია სკოლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური არხებით განხორციელდება, მათ შორის დირექტორის, კლასის დამრიგებლის ან სკოლის საკონტაქტო ნომრებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში მობილური ტელეფონების თავისუფალი გამოყენების პრაქტიკა მნიშვნელოვნად იზღუდება და სასწავლო პროცესის განმავლობაში მათი გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

Print