ახალი ამბები
საქართველოში საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგი დაიწყო
FaceBook
დღეიდან, 2026 წლის 1 ივნისიდან, საქართველოში საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი ოფიციალურად იწყება.
შესაბამისი ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

მთავრობის დადგენილების თანახმად, დეპარტამენტი უზრუნველყოფს ისეთი საჯაროდ გავრცელებული განცხადებების მონიტორინგს, პროაქტიულ გამოვლენასა და სამართლებრივ რეაგირებას, რომლებიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების შესაძლო ფაქტებზე დროული რეაგირება და შესაბამისი გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში უკვე აისახა და მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ძალაში სწორედ 1 ივნისიდან შევიდა. დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
Print