ახალი ამბები
მართვის მოწმობის გამოცდები მარტივდება — რა იცვლება 15 ივნისიდან
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის გამოცდებში ცვლილებები შეიტანა, რომლებიც 15 ივნისიდან ამოქმედდება.


ახალი წესებით, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება.

 

თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30 კითხვიდან მინიმუმ 25 სწორი პასუხი დასჭირდება. აქამდე მხოლოდ 3 შეცდომის დაშვება იყო შესაძლებელი, ახლა კი 5 შეცდომამდე იქნება ნებადართული.

ცვლილებები შეეხო პრაქტიკულ გამოცდასაც. B კატეგორიის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები რაოდენობა 12-დან 15-მდე იზრდება. შესაბამისად, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, ხოლო მე-15 შეცდომა გამოცდის ავტომატურ შეწყვეტას გამოიწვევს.

სააგენტოს განცხადებით, ასევე შეიცვლება პრაქტიკული გამოცდის რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემა. სპეციალური ალგორითმი კანდიდატებს პრიორიტეტებს მიანიჭებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად: პირველად გასვლა, ნაკლები მცდელობა ან რიგში ხანგრძლივი ლოდინი.

დამატებით, გამომცდელს ექნება უფლება, კანდიდატს მისცეს გონივრული დრო შეცდომის გამოსასწორებლად ან კონკრეტული უნარის ხელახლა გამოსავლენად. საჭიროების შემთხვევაში, გამომცდელი შეძლებს ავტომობილის გაჩერებას ან კანდიდატისთვის შესაბამისი მითითების მიცემას.

Print