ახალი ამბები
უცვლელი პასუხები და მდგომარეობა — გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩები რეაბილიტაციის დაპირებიდან 7 წლის შემდეგ
FaceBook

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც დაპირებად დარჩა.


2019 წელს, ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია ქალაქისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტი იყო. მისი თქმით, მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდა და იგეგმებოდა ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვა.


„ჩვენ ვთვლით, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულებითაც, ამიტომ ამ დანაპირებსაც ვასრულებთ. ძალიან მალე შევუკვეთავთ გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს და შემდეგ უკვე ვიზრუნებთ მის სრულ რეაბილიტაციაზე“, — ამბობდა 2019 წელს გიორგი ჭიღვარია.


მისივე განცხადებით, გაპონოვის ქუჩა ქუთაისის ისტორიული ნაწილია და მისი განვითარება ტურისტული მიმართულებით აუცილებელი იყო. პროექტი, გზის მოწესრიგებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლების ფასადების აღდგენასაც მოიცავდა.

თუმცა ამ დაპირებიდან 7 წელი გავიდა და ქუჩებზე მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

ასევე, თითქმის უცვლელია გიორგი ჭიღვარიას პასუხიც, ამჯერად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან.

"როგორც მოგეხსენებათ გასულ წელს დასრულდა ვარლამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მოწესრიგდა სახლების ფასადები და სახურავები, ასევე საფეხმავლო ბილიკები და რეკრეაციული ზონები.

შესაბამისად მეორე ეტაპზე დაიწყება ნიუპორტისა და გაპონოვის ქუჩების რეაბილიტაცია. ქალაქის აღმასრულებელ რგოლთან ერთად მუდმივ კომუნიკაციაში ვარ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

ჩვენი ინფორმაციით რეაბილიტაციისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ აღნიშნულ ქუჩები ქუთაისის ისტორიული ნაწილში მდებარეობს და შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებით ხდება შენობების შესწავლა. უკვე დასრულდა აზომვითი სამუშაოები და იწყება პროექტირება", - ამბობს  ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია. 

ქალაქის აღმასრულებელ რგოლში, ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ  ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან,  აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება დაგეგმილ სამუშაოებს შორის არ არის.

Print