ახალი ამბები
14 მილიონამდე ღირებულების რეკონსტრუქცია და მუშაობის დროს შეცვლილი პროექტი — რა ხდება ჭიათურის თეატრში?
FaceBook

ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.


რეაბილიტაციას კომპანია „ბილდკინგსი“ ახოროციელებს. კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის აპრილში დაიწყო და  უკვე დასრულებული უნდა იყოს.

კომპანიის წარმომადგენლის, რამაზ კასრაძის განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში დამატებითი საპროექტო სამუშაოების საჭიროება გამოიკვეთა, რის გამოც სამუშაოების ნაწილი ახლა პროექტირების ეტაპზეა.



„დამატებითი პროექტირება გახდა საჭირო, რის გამოც ახლა პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ გაგრძელდება სამუშაოების შემდეგი ეტაპი. ამ დროისთვის, დარბაზის გარდა, სამუშაოების 95 პროცენტზე მეტი დასრულებულია. საუბარია ჭერის  თავიდან პროექტირებაზე“, — ამბობს  რამაზ კასრაძე.

მისი თქმით, სამუშაოების დასრულების ვადად  მიმდინარე წლის ბოლო განისაზღვრა. 


ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს: სახურავის გამაგრების სამუშაოებს, შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბისა და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას,აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს,დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას.

ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.

პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია საქართველოში. მისი მშენებლობა 1945 წელს დაიწყო და 1949 წელს დასრულდა.

თეატრში კაპიტალური რემონტი გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

Print