საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა
მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი უწყება პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება
მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე დამოკიდებული არ იქნება — მონიტორინგს
თავად განახორციელებს და საჭიროების შემთხვევაში მასალებს
სასამართლოშიც გადააგზავნის.
დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან
კი გადავდივართ მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე ამ მიმართულებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული
საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება
სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში
სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული
კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი
რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო
კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას,
ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ
რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის
საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას,
შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად
გადააგზავნის მასალებს სასამართლოში,“- განმარტა მამუკა
მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები