ახალი ამბები
300-ზე მეტი ინციდენტი და რეაგირების გარეშე დარჩენილი საქმეები
FaceBook
3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეა.
საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა კვლავ დამძიმებულია და ზეწოლის ტენდენცია უფრო ინტენსიური ხდება — ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიცია აცხადებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჟურნალისტებზე სისტემურ ზეწოლაზე მიუთითებს. მათ შორისაა დაკავებები, დაჯარიმებები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, ასევე დეზინფორმაცია და საქმიანობაში უკანონო ჩარევა. კოალიცია აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევების უმეტესობა რეაგირების გარეშე რჩება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს მედიის საქმიანობას და ზრდის ე.წ. „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს. მაგალითად სახელდება სასამართლო პროცესების აუდიო-ვიზუალური გადაღების აკრძალვა, რაც ამცირებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას.

„მიმდინარე წელსაც საქართველოში დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა განსაკუთრებით მძიმე ფონზე უწევს. Reporters Without Borders-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო განაგრძობს პოზიციების დაკარგვას: მხოლოდ მიმდინარე წელს 21 ადგილით დაქვეითდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამურად 75-პოზიციანი ვარდნა განიცადა. აღნიშნული მონაცემები მედიის თავისუფლების სისტემურ გაუარესებაზე მიუთითებს.

მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება. მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ნათლად აჩვენებს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებას მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ინსტრუმენტად",  - განმარტავენ კოალიციაში. 

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კოალიცია აღნიშნავს, რომ ქართული მედია აგრძელებს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას, რასაც განსაკუთრებული მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდება.
Print