ახალი ამბები
ქუთაისის მერიის "სპეციალურ სერვისებს" ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
FaceBook
"იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში და ქალაქში არის დაბალი სოციალური ფონი, ამდენი თანხა არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს".

არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორი" ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით, "მედიატორმა" დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა.

"მედიატორის" ინფორმაციით, ააიპ "სპეციალურ სერვისებში" წინა წლებთან შედარებით მიმდინარე წელს საშტატო ერთეული გაზრდილია. შესაბამისად, როგორც "მედიატორში" განმარტავენ, გაზრდილია ააიპის ბიუჯეტიც.

"ააიპის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონ 500 00 ლარს შეადგენს, საიდანაც მეტი ნაწილი სახელფასო დანამატებზე და პრემიებზე მიდის. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში და ქალაქში არის დაბალი სოციალური ფონი, ამდენი თანხა არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს", - ამბობს "მედიატორის" ხელძღვანელი გიორგი მარდალეიშვილი. მისი თქმით, გასულ წელს თანამშრომლების პრემიებისთვის 400 000 ლარი არის დახარჯული.  

ააიპ "სპეციალური სერვისები" ქალაქის დასუფთავებაზე და ასევე, უმეთავლყურეოდ დარჩენული ცხოველების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი.

ააიპში ამდროისთვის 420 ადამიანია დასაქმებული.

ააიპ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ "მედიატორის" ბრალდებაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print