ქუთაისის მერიამ „ქუთაისქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში
რამდენიმე გამარტივებული წესით შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 183 500 ლარია განსაზღვრული.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების
მიხედვით, ყველაზე მსხვილი ნაწილი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე
ნაწილდება.
მათ შორის, 2 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრში დაგეგმილი თბილისის სიმფონიური ორკესტრის
კონცერტისთვის (SMP260001235) 55 000 ლარია
გამოყოფილი.
ამავე დღეს, 20:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი
გალაკონცერტისთვის 70 500 ლარი დაიხარჯება (SMP260001234).
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ანსამბლები, ასევე
ინდივიდუალური შემსრულებლები, მათ შორის: შვიდკაცა, ალილო, ქართული
ხმები, „თეატრალური კვარტეტი“, ტრიო „სამანი“, „New Vision“, ელისაბედ
ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე და სალომე ბაკურაძე.
გარდა ამისა, 58 500 ლარით დაფინანსდება (SMP260001175) 4
მაისს დაგეგმილი კიდევ ერთი კონცერტი, რომელიც ასევე ლადო მესხიშვილის
თეატრში გაიმართება. სოლო კონცერტს გამართავს მსოფლიოში ცნობილი
მევიოლინე ვიტალი სამხარაძე, ხოლო მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ
ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსები — მარიან პეტრესკუ და იონას
ტური.
"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც
ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ
ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი
დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.
მასალის გამოყენების პირობები