ქუთაისის მერია, ქლაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე
მედიათეკის შენობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ორი
წლის ვადით უსასყიდლოდ გადასცემს.
გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ სივრცეში ახალი პროექტი —
„ქუთაისი – საუნივერსიტეტო ქალაქი“ განხორციელდება. პროექტის
კონცეფცია ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
თანამშრომლობით არის შემუშავებული და მიზნად ისახავს ქალაქის, როგორც
საუნივერსიტეტო ცენტრის, პოპულარიზაციასა და მისი აკადემიური
პოტენციალის გაძლიერებას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის ვახტანგ ცაგარელის განმარტებით, ახალი სივრცე
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის
სტატუსის უფრო გამყარებას, ასევე, უნივერსიტეტის პოპულარიზაციასაც.
მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.
ახლმა სივრცემ უნდა გააერთიანოს 4 საგანმანათლებლო ზონა: ციფრული
უნარების, ხელოვნური ინტელექტის და STEM სისტემების ზონა; კულტურული,
სოციალური და შემეცნებითი ზონა; ახალგაზრდების მომსახურებების ზონა;
დასვენების, კომუნიკაციის და შეხვედრების ზონა.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მედიათეკის შენობა დაახლოებით
15-მილიონიანი რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო და მისი თავდაპირველი
დანიშნულება ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური
საგანმანათლებლო სივრცის შექმნა იყო.
მასალის გამოყენების პირობები