ახალი ამბები
„ძალა ერთობაშია“ — დღეს ქუთაისში მოქალაქეები ერთიანობისთვის შეიკრიბებიან
FaceBook
მოქალაქეები სლოგანით „ძალა ერთობაშია“ დღეს, 15:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან.
საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს მოსახლეობის  უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხოება და თავისუფლება.

"დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს და გააუცხოვოს. სწორედ ამიტომ, ერთიანობას დღეს ალტერნატივა არ აქვს.

ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს — ჩვენ გვაერთიანებს როგორც საერთო წუხილი, ასევე საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა. დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.

დღეს ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული დედაქალაქი, კიდევ ერთხელ გახდება ადგილი, სადაც მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ქვეყნის მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.

ამ პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.

„ძალა ერთობაშია“! ", -   განმარატვენ დღეს  დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები. 

საქართველოში უკვე  486 დღეა გრძელდება პროტესტი ანტიდასავლური და ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. მოქალაქეები თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ერთიანდებიან. უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო რაც, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო შეწყვეტდა ევროკავშირში გაწევრიანების მსვლელობას და მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდებოდა. ამ განცხადებამ ფართო საპროტესტო ტალღა გამოიწვია მთელი ქვეყანაში.
Print