საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება
წმინდა სინოდმა მიიღო.
როგორც მეუფე გიორგიმ განაცხადა, დაკრძალვის ცერემონია 22 მარტს
გაიმართება და პატრიარქს მისი სურვილის შესაბამისად სიონში მიაბარებენ
მიწას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია
II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამძიმრის
წერილებს იღებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნების ლიდერები და
საერთაშორისო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამენ ქართველი ერის
სულიერი ლიდერის გარდაცვალების გამო და მხარდაჭერას უცხადებენ
საქართველოს ამ მძიმე პერიოდში.
სამძიმრის წერილებში ხაზგასმულია ილია II-ის განსაკუთრებული როლი
ქვეყნის სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე მისი წვლილი
მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო
საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანადგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტსა და მის მნიშვნელობას არა მხოლოდ
საქართველოსთვის, არამედ ფართო რეგიონისთვისაც.
17 მარტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, 93 წლის ასაკში
გარდაიცვალა.
პატრიარქი მასიური სისხლდენის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრის
კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23
დეკემბერს იქნა არჩეული. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.
მასალის გამოყენების პირობები