ახალი ამბები
მეწყერი კურსებში - სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს
FaceBook
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება.
"მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის მორიგი აშკარა გამოვლინებაა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერით უზრუნველყოს და გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას.'

მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბის, გამომწვევი მიზეზებისა და სამომავლო რისკების შეფასება და სრულყოფილი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე- თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა, რომელიც რისკებს ადრეულ ეტაპზე დააიდენტიფიცირებს და მოქალაქეთა დაცვის მიზნით ღონისძიებებს მყისიერად მიიღებს", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

12 მარტს ტყიბულის სოფელ კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა 10 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახი.
სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შექმნილი საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს.

ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და 58 ჰექტარ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების მონიტორინგსა და დაკვირვებას ახორციელებენ.


ამავე თემაზე:







Print