ახალი ამბები
"ძალა ერთობაშია" - ქუთაისში, 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან
FaceBook
ქუთაისში 22 მარტს მოქალაქეები ერთიანობასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად შეიკრიბებიან.
მოქალაქეები სლოგანით „ძალა ერთობაშია“ 22 მარტს, 15:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან.

"საქართველოში უკვე წელიწადნახევარია გრძელდება სამოქალაქო წინააღმდეგობა ანტიდასავლური და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ცივილიზაციური არჩევანია ევროპული განვითარება, სადაც უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრება, უსაფრთხოება და თავისუფლება.

დღეს ქვეყანას მართავს მცირე ჯგუფი, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ცდილობს საზოგადოება დაყოს და გააუცხოვოს. სწორედ ამიტომ, ერთიანობას დღეს ალტერნატივა არ აქვს.

ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი გვაქვს - ჩვენ გვაერთიანებს როგორც საერთო წუხილი, ასევე საერთო მიზნები და საერთო მომავლის რწმენა.
დაწყებულია ფართო სამოქალაქო თანხმობის პროცესი, რომლის მიზანია არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაძლიერება და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა.

22 მარტს ქუთაისი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული დედაქალაქი, კიდევ ერთხელ გახდება ადგილი, სადაც მოქალაქეები აჩვენებენ, რომ ქვეყნის მომავალი საზოგადოების ერთიანობაზე, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობაზე დგას.

ამ პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, რადგან ეს ბრძოლა ყველას გვეხება.
22 მარტს, ქუთაისში, 15 სთზე, შევიკრიბოთ ჩვენი სახელმწიფოს დევიზის გარშემო:

„ძალა ერთობაშია“! ", - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


საქართველოში უკვე 474 დღეა გრძელდება პროტესტი ანტიდასავლური და ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ. მოქალაქეები თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ერთიანდებიან. უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო რაც,  ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო შეწყვეტდა ევროკავშირში გაწევრიანების მსვლელობას და მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეჩერდებოდა. ამ განცხადებამ ფართო საპროტესტო ტალღა გამოიწვია მთელი ქვეყანაში.




Print