ახალი ამბები
ომბუდსმენი: ქალთა უფლებების დაცვისთვის სისტემური ნაბიჯები აუცილებელია
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა საერთაშორისო დღე-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას სისტემური და ეფექტიანი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერებისთვის.

ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა შრომითი უფლებების სრულფასოვანი რეალიზება, მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობა და თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. ამასთან, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტი დაკავშირებულია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საკითხებთან, რაც დღესაც აქტუალურია.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ გააძლიერა სამართლებრივი ჩარჩო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით. დაინერგა დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმი, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის სერვისები და გაიზარდა შესაბამისი უწყებების კოორდინაცია, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და ეფექტიან რეაგირებაზე.

მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკის გაგრძელება, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა.

ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ქალთა უფლებების დაცვა, მათი გაძლიერება და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან თანასწორობის მიღწევის პროცესში.


Print