ახალი ამბები
სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
FaceBook
ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ბრალდებულები –  მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

უწყების ინფორმაციით, ლევან იოსელიანი შეხვდა როგორც ბრალდებულ, ასევე მსჯავრდებულ ქალებს, ესაუბრა მათ პირობებსა და საჭიროებებზე. მან ასევე გამართა შეხვედრა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა და გაეცნო ფსიქოსოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაცო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობას. სახალხო დამცველმა დამატებით მოინახულა დედათა და ბავშვთა განყოფილებაც.

ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დამცველი ცალკე შეხვდა ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელსა და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს და პატიმართა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას აგრძელებს.
Print