ახალი ამბები
საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი 2025 წელს შემცირდა - საქსტატი
FaceBook
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ადგილობრივი ტურიზმის მაჩვენებლები შემცირდა.
დღეს გამოქვეყნებული  სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 მლნ 333 ათასი იყო, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მლნ 642 ათასი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით 1.6%-ით შემცირდა, მაშინ როცა ვიზიტების რაოდენობა 0.2%-ით გაიზარდა.

ამავე მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700 ათასი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 4.9%-ით ნაკლებია.

სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების უდიდესი წილი — 36.4% — 31–50 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა, ხოლო ქალები ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 56.5%-ს შეადგენდნენ.

რეგიონული განაწილებით, ვიზიტორების 36.8% თბილისის მცხოვრები იყო, 15.6% — იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე მოდიოდა, 9.3% — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით მცირე წილებით არის წარმოდგენილი.

კვლევის თანახმად, 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების უმრავლესობა (52.3%) მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას უკავშირდებოდა.
საანგარიშო პერიოდში ვიზიტების ყველაზე მაღალი საშუალო თვიური რაოდენობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში — 364.9 ათასი ვიზიტი, და თბილისში — 357 ათასი ვიზიტი.

რაც შეეხება ხარჯებს, 2025 წელს ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური დანახარჯი 297.7 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 0.8%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1%-ით შემცირდა და 181.3 ლარი შეადგინა.

Print