სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული
მოსახლეობის გადამოწმების აქტიური ეტაპი იწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგზე
განაცხადა.
მინისტრის თქმით, გადამოწმების მიზანია ბაზაში დარჩნენ მხოლოდ ის
ოჯახები და მოქალაქეები, ვისაც რეალურად ეკუთვნის სახელმწიფო
სოციალური დახმარება.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბაზაში რეგისტრირებულია 185 ათასზე მეტი
ოჯახი, მათი წევრების საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 710 ათასს
შეადგენს. მათგან ნახევარზე მეტი ფულად შემწეობას არ იღებს, თუმცა
სარგებლობს სხვადასხვა სოციალური შეღავათით.
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა ის ქულის
ზღვარი, რომელიც სოციალური შემწეობის მიღებას განსაზღვრავს. მისი
თქმით, ეს ზღვარი რომ არ გაზრდილიყო, დღეს დახმარებას დაახლოებით 120
ათასი ოჯახი მიიღებდა, ნაცვლად არსებული 185 ათასისა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ
მოქმედებდა ე.წ. მორატორიუმი და, იშვიათი გამონაკლისების გარდა,
ოჯახების გადამოწმება ფაქტობრივად არ ხორციელდებოდა. შედეგად, ბაზაში
დღემდე რჩებიან ოჯახები, რომელთაც უკვე აღარ სჭირდებათ სახელმწიფო
დახმარება.
"ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელთაც
საბედნიეროდ აღარ აქვთ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების
აუცილებლობა. ამავე მიზეზთა გამო, ანომალიური შემთხვევებია, რომელთა
რიცხვი არ არის ცოტა. მაგალითად, ბაზაში დღეს რეგისტრირებულია და
შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც ბოლო 3 თვეში მიღებული აქვს
შემოსავალი ჯამში რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ან ოჯახია
რეგისტრირებული, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეძენილი აქვს
რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა, ან
რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც შეძენილი აქვს იმავე წელს, 2024 წელს
გამოშვებული ავტომანქანა.
ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა
შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან,
რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა
ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების
შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ
მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური
მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის
გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის
ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური
დახმარება“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, გადამოწმების პროცესს იწყებს სამინისტროს სსიპ —
სოციალური მომსახურების სააგენტო, და მიზანი არის, დახმარება მიიღონ
მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები