ახალი ამბები
დააკავეს პირები, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში, სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ
FaceBook
შსს-ს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მათ შორის ერთი ლიდერი დააკავეს. 


უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ, ფარულად დაუფლებულ ნივთებს, წინასწარი შეთანხმებით, სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ.

ამასთან, შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულთაგან ორი არასრულწლოვანია.

"სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი, დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ, იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ.

არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში, წინასწარი შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად, დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა.

ამასთან, დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print